ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის „რყევები ზომიერია" და ნეგატიური ტენდენციის გაღრმავების არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს.
მინისტრის თქმით, მთავრობის განცხადებები, რომ ბიზნესის მასშტაბური შეზღუდვა არ მოხდება, ბიზნესის ნეგატიურ მოლოდინებს გაანეიტრალებს.
„საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ახლა მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი სიმძიმე და გამოწვევაა. თუ ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას დავაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევაა ტურიზმის შეზღუდვა, საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, დინამიკა არაა მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, პროცენტულადაც რყევები დაბალია. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს. ნეგატიური მოლოდინები რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად შეიძლება გაჩნდა მოლოდინები, რომ მთავრობა საყოველთაო შეზღუდვებს მიმართავს, მაგრამ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება და ეკონომიკა მუშაობას გააგრძელებს, რაც ამ მოლოდინებს გაანეიტრალებს. ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელია, ჩვენი მოლოდინები პოზიტიურია",-განაცხადა თურნავამ ლარის კურსის გაუფასურების კომენტირებისას.