დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოს რაიონში პეკინის გამზირის შემდეგ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის იმ ტერიტორიებზე, სადაც პარკირების აღნიშნული სისტემა დაინერგა, პროექტი წარმატებით ხორციელდება.
„ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა უკვე წარმატებით განვახორციელეთ რამდენიმე ლოკაციაზე. თქვენ იცით, რომ 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა ზონალური საათობრივი პარკირება და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ყველა ადამიანს, ვინც სარგებლობს ზონალურ საათობრივი პარკირებით, დიდი მადლობა გადავუხადო. ზოგადად, ძალიან კარგია თანამშრომლობა მოქალაქეების მხრიდან, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა საბურთალოს რაიონში მხოლოდ პეკინის გამზირით არ შემოვიფარგლებით. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მის დანერგვას. შემდეგი ქუჩები იქნება ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები და საინფორმაციო ჯიხურები აქაც უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ამ სიახლესთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ ვის და რა პირობებით შეუძლია ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა. ამასთან, მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი განხორციელდება ვაკის რაიონის ზოგიერთ ქუჩაზე და თბილისის მასშტაბით პარკირების საფასური ქუჩების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა იქნება.
„ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მოახდინოს საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირება ჩვენს პორტალზე და ამაში მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან. მათთვის მანქანის პარკირება თავისი საცხოვრებელი არეალიდან 100 მეტრის რადიუსით იქნება უფასო. ასევე, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, ელექტრომობილებისთვის, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის - მათთვის იქნება შესაბამისი ადგილები გამოყოფილი. დანარჩენი ადამიანებისთვის, ვინც სტუმრად მოვა, პირველი 15 წუთი იქნება უფასო, ხოლო შემდეგ 1 საათის ღირებულება იქნება 1 ლარი. ასევე, ირაკლი ხმალაძეს მინდა დავავალო, დაიწყოს მომზადება ვაკის რაიონში ანალოგიური პროექტის განხორციელებისთვის. ეს იქნება აბაშიძე, ფალიაშვილი, ჭავჭავაძე და გადამკვეთი ქუჩები“,- განაცხადა კალაძემ.