„ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მთავრობის მიერ მოტყუებული ტურისტული სააგენტოები, შესაძლოა, გაკოტრდნენ, ხელისუფლება კი მათ დასახმარებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
ამის შესახებ, გიგლა მიქაუტაძემ ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულთა მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქაუტაძემ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და ტურიზმის სააგენტოს მოუწოდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულების მიმართ აღებული დანაპირები შეასრულონ.
„ფრენების აკრძალვის პარალელურად, მთავრობამ ტურისტული სააგენტოები მოატყუა და დახმარების გარეშე დატოვა, რასაც ამ კომპანიების გაკოტრება შეიძლება მოყვეს. პანდემიის პირობებში ტურისტული სააგენტოები აღმოჩნდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. განულებული შემოსავლების მიუხედავად, მათ ისევ უწევთ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიმართ წარდგენილი საბანკო გარანტიების მომსახურების ღირებულების გადახდა, რაც სოლიდურ თანხას შეადგენს. მაისში მათ მთავრობა საბანკო გარანტიის საზღაურის დაფინანსებას დაპირდა და ვადად 15 ივლისი დაასახელა, რაც დასტურდება მარიამ ქვრივიშვილის 9 ივლისის ოფიციალური წერილით. თუმცა ამ კომპანიებს დღემდე არ მიუღიათ არანაირი დახმარება და აღმოჩნდნენ კრიტიკულ მდგომარეობაში,”-განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, საქართველო, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა ევროპაში, რომელმაც არ გახსნა ცა და დღემდე აკრძალული აქვს ფრენები „მწვანე ქვეყნებთანაც“ კი.
„მოვუწოდებ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს შეასრულონ მათ მიერ გაცემული დაპირება და ნუ მიიყვანენ ტურისტულ სააგენტოებს გაკოტრების წინაშე. ასევე აუცილებელია, ეტაპობრივად გაიხსნას საქართველოს საჰაერო სივრცე იმ ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიის დონე დაბალ ნიშნულზეა. ევროკავშირში დიდი ხანია დაშვებულია შიდა ფრენები და ამის მიუხედავად, ეპიდ-სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,”-განაცხადა მიქაუტაძემ.