ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რამ განაპირობა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მსგავსი დაძაბულობა დროებითია და ინფლაციაზე არ აისახება.
„აშშ დოლართან მიმართებაში ლარი დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მანდატი ინფლაციაა“,-აცხადებს კობა გვენეტაძე.
რაც შეეხება ინფლაციას, კობა გვენეტაძის თქმით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წელს ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და სებ-ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.
„საკმარისი ინსტრუმენტები გვაქვს, რომ ფასების სტაბილურობა უზრუნველვყოთ“,-აღნიშნა გვენეტაძემ.