საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, განიხილოს, რა გზებითაა შესაძლებელი საზღვრების უსაფრთხოდ გახსნა

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, განიხილოს, რა გზებითაა შესაძლებელი საზღვრების უსაფრთხოდ გახსნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა პანდემიის პირობებში საქართველოს საჰაერო პოლიტიკის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი განცხადებით, საზღვრების გახსნა აუცილებელია, თუკი გვსურს ტურიზმმა შედეგები მოიტანოს.

"სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიტუაციაა. როდესაც შენ საქართველოს მსგავსი ქვეყანა ხარ, რომელსაც ბევრი სახმელეთო საზღვრის გზა აქვს, ეს, შესაძლოა, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მაგალითად, საბერძნეთისთვის, საჰაერო საზღვრების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის წარმატებისთვის. ჩვენ ინფიცირების შემთხვევების დაბალ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ. ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, განიხილოს, რა გზებითაა შესაძლებელი საზღვრების უსაფრთხოდ გახსნა",-განაცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა.

ცნობისთვის, თბილისი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.