ლევან დავითაშვილი - ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რთული პერიოდის მიუხედავად, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რთველი წარმატებით დასრულდება.

„ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება. პირიქით, ინტენსიურად მიდიოდა კრეფა. დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება ხდება, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვები ამ პირობებში. ასე, რომ რა თქმა უნდა, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. საბოლოოდ, რთველს წარმატებით დავამთავრებთ და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, კახეთში გამართული აქცია პოლიტიკური სპეკულაცია იყო.

„დღესაც ჩატარდა კახეთში აქცია და მინდა ამასაც გამოვხმაურო. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია, როდესაც ერთი პარტიის ხუთი აქტივისტი გამოვა და რაღაცას იტყვის, ეს არ არის მოსახლეობის საყოველთაო აზრი. მე გთხოვდით ჟურნალისტებს, რომ არ ენდოთ არც ჩემს, არც ოპონენტების სიტყვას, მოსახლეობას შეხვდით და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება. ჩვენი და ჩემი სურვილია, რაც მეტად გაიყიდება ნებისმიერი პროდუქტი, ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს, ეს ჩემი ინტერესია, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს ფერმერს იმიტომ, რომ თუ ფერმერი მეტად კმაყოფილი იქნება, ე.ი. ჩვენ უფრო კარგად ვმუშაობთ. ჩვენი სამუშაო ფაქტობრივად ამით იზომება“,-განაცხადა დავითაშვილმა.