ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ქვეყნის მთავარი ბანკირი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. კობა გვენეტაძე ამბობს, „აშშ დოლართან მიმართებაში ლარი დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა“.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ლარმა მკვეთრი გაუფასურება კი არჩევნებამდე თითქმის 2 თვით ადრე დაიწყო. 1-ელ სექტემბერს ერთი დოლარი 3,07 ლარი ღირდა, დღეს კი 3,15 ლარია, ანუ მხოლოდ 16 დღეში ლარი დოლართან მიმართებით 8 პუნქტით გაუფასურდა.
რა ხდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე:
2016 წელს საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნებამდე 2 თვით ადრე (2-თვიანი პერიოდი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ავიღეთ) ანუ 8 აგვისტოს ერთი 1 ამერიკული დოლარი 2,3477 ლარი ღირდა, არჩევნების დღეს კი 2,3337 ლარი. ანუ წინა საპარლამენტო არჩევნებზე ლარი არათუ გაუფასურდა, არამედ გამყარდა კიდეც. მეტიც, 2-თვიან პერიოდში კურსი 2,27 ნიშნულამდეც კი ჩამოვიდა.
2012 წელს საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ანუ 1-ელ აგვისტოს ერთო დოლარი 1,6589 ლარი ღირდა, არჩევნების დღეს კი 1,6593 ლარი. შუალედში, ლარი დოლართან მიმართებით კიდე უფრო გამყარებული იყო, გარკვეულ დღეებში კურსი 1,64 ნიშნულზეც კი დაფიქსირდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის 1,5 თვე დარჩა. როგორ მოიქცევა ლარი ამ პერიოდში, უცნობია. ჯერჯერობით კი ეროვნული ვალუტა მხოლოდ უფასურდება.