მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე არც ბათუმში.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
„კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია, მათ შორის ბათუმში, უფრო კონცენტრირებულად. კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება. მათ შორის სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე არც ბათუმში. ამიტომ, ამ მხრივ რაღაც შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შეზღუდვები ლოკალურად და წერტილოვნად მიმდინარეობს იქ, სადაც ამის საჭიროება არის. მაგალითად, ბათუმში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, ისევე როგორც შეზღუდვები დაწესებულია სწავლებასთან მიმართებით. პრემიერის დავალებით ამ ეტაპზე ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომლებიც ადგილზე სიტუაციის უკეთესი მართვის მიზნით არიან ჩასული. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, იყო გარკვეული ინფორმაცია მოსახლეობისგან ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რომ პრობლემები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.