ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურებაც იქნება გრძელვადიანი თუ არ მოიძებნა გამოსავალი და ეს გამოსავალი გახლავთ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა ოქტომბრის არჩევნებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ ეკონომოკურ კრიზისს ემატება ის საბიუჯეტო ვალდებულებები, რასაც „არჩევნების მოსაგებად მმართველი პარტია „კისრულობს“.
,,ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, ისედაც გაუფასურებულ ლარს დაემატა გაზაფხულზე არასწორი მენეჯმენტის შედეგად მთლიანად გაჩერებული ეკონომიკა, დაემატა უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელიც წელს აიღო მთავრობამ და ახლა ემატება ის საბიუჯეტი ვალდებულებები, რასაც არჩევნების მოსაგებად „კისრულობს“ „ქართული ოცნება“. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურებაც იქნება გრძელვადიანი თუ არ მოიძებნა გამოსავალი და ეს გამოსავალი გახლავთ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა ოქტომბრის არჩევნებზე. ეს ცვლილებები უნდა გულისხმობდეს გადასახადების შემცირებას, სამთავრობო ხარჯების რადიკალურ შემცირებას, მეტ ეკონომიკურ აქტივობას და მთავრობის ხელში არსებული ქონების გადაცემას ხალხისთვის. ყველა ამ დრამატული ცვლილების გარეშე ლარის კურსი განაგრძობს ვარდნას, ქვეყანა გააგრძელებს ეკონომიკურ კრიზისში ღრმად შესვლას და ყველაფერი ეს არის შედეგი „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის,“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.