პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა არის მკვეთრად შეკუმშული. მიუხედავად იმისა, რომ ვარდნის ტემპები ბოლო პერიოდში შემცირდა, აღდგენამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ეროვნულ ბანკს ინსტრუმენტების მთელი არსენალი აქვს, რომლის გამოყენებაც მოხდება.
„ლარის დევალვაციაზე დღეს რამდენიმე ფაქტორი მუშაობას. პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა არის მკვეთრად შეკუმშული. მიუხედავად იმისა, რომ ვარდნის ტემპები ბოლო პერიოდში შემცირდა, აღდგენამდე ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. საქართველოს ეკონომიკას აკლდება შემოსავლები იმის გამო, რომ ტურიზმიდან ჩვენ მნიშვნელოვანი სავალუტო ინტერვენციები დაგვაკლდა, თითქმის 90%-ით. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და ცენტრალური ბანკი ყველაფერს აკეთებენ, რომ სტაბილურობა, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ქვეყანაში შენარჩუნდეს. წარმოდგენილი გვაქვს ხელშეკრულებები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ დაახლოებით 700 მილიონი მოვიზიდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. ეს გვაძლევს საშუალებას, შევავსოთ ცენტრალური ბანკის რეზერვები. ამის საფუძველზე ცენტრალური ბანკი თავისუფლად იმოქმედებს ბაზარზე და მუდმივად თუ არა, პერმანენტულად მოახდენს ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე. მთელი ინსტრუმენტების არსენალი აქვს ეროვნულ ბანკს, რომლის გამოყენებაც მოხდება",- განაცხადა კოვზანაძემ.