ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სასკოლო ღონისძიებების დროს, სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხს არეგულირებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. შესაბამისი ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა.
პროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეების გადაყვანას უზრუნველყოფს, ვალდებულია იქონიოს ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ვალდებულია ასევე ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება. ამასთან, მძღოლის მიერ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებიდან 5 წელი მაინც უნდა იყოს გასული.
ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით.
მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას.
ექსკურსიის ფარგლებში იმ მგზავრის გადაყვანისას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საჭიროება. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს. ექსკურსიის დროს მგზავრებს უნდა ახლდეს ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, მასწავლებელი, ექსკურსიის ორგანიზატორ/მომწყობ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირი). იგი პასუხისმგებელია მათ მიერ უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი 500 კილომეტრს აღემატება, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.
ცვლილებები იგეგმება “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსშიც“, რომლის გათვალისწინებით, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს კი ხმა 75-მა დეპუტატმა მისცა.
კანონი 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.