„რაც უფრო მეტად არაპროგნოზირებადია გარემო, მით უფრო მერყევია ლარის კურსი“,- ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის.
როგორც აკაკი ცომაია აცხადებს, ლარის გაუფასურება არა უშუალოდ არჩევნებს, არამედ გაურკვევლობის ფაქტორს უკავშირდება, რასაც პანდემიის მეორე ტალღა ემატება.
თუმცა, აკაკი ცომაია არ გამორიცხავს, რომ ლარის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებითაც იყოს განპირობებული.
„რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურებას არჩევნებთან კავშირი აქვს. თუმცა, არა უშუალოდ არჩევნებთან, არამედ გაურკვევლობის ფაქტორთან, არაპროგნოზირებადობის დონესთან. რაც უფრო მეტად არაპროგნოზირებადია გარემო, მით უფრო მერყევია ლარის კურსი. იმიტომ, რომ უფრო ბევრი ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება უსაფრთხო გარემო შეიქმნას თავისთვის და სავარაუდოდ, იშორებს ლარს. ეს არა მხოლოდ არჩევნების გამო. ამას ემატება ისიც, რომ მეორე ტალღა დაიწყო და მოლოდინის რეჟიმშია ყველა. ჩავიკეტებით თუ არა, გაურკვეველია.
გარდა ამისა, ჩვენ არ ვფლობთ მონაცემებს და ვერ ვსაუბრობთ სხვა ფაქტორების გავლენაზე, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ბოლო პერიოდში იმპორტი გაიზარდა. მას შემდეგ, რაც გავიხსენით, ეკონომიკური აქტივობა ასე თუ ისე წამოიწია და იმპორტის მოცულობას დაეტყო. მართალია, ჯერ სტატისტიკა არ გვაქვს და ამას ასე ხმამაღლა ვერ ვიტყვით, თუმცა, ფუნდამენტური ფაქტორებიც შეიძლება იყოს კავშირში“,- აცხადებს აკაკი ცომაია.
კითხვაზე, ამ ვითარებაში ლარის გასამყარებლად უნდა იყენებდეს თუ არა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს, აკაკი ცომაია ამბობს: „თუ საქმე ფუნდამენტურ ფაქტორებს არ უკავშირდება და ეს არჩევნებით, გაურკვევლობით არის გამოწვეული, მაშინ ინტერვენციებს აზრი აქვს და საჭიროც არის. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოლოდინების მართვა. თუმცა, აქვე უნდა შევხედოთ რა ხდება მეზობელ ქვეყნებში. თუ სავაჭრო პარტნიორებთანაც უფასურდება ვალუტა, ისევე როგორც ჩვენთან, მაშინ აქ მნიშვნელოვანია სავაჭრო პირობების შედარებით შენარჩუნება. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ამავე დროს უნდა ფიქრობდეს, ინტერვენციებმა არ გამოიწვიოს ლარის ისეთი გამყარება, რომ ამან ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურაზე მოახდინოს გავლენა“,-აცხადებს აკაკი ცომაია.
ცნობისთვის, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1547 ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 1-ელ სექტემბერს ერთი დოლარი 3,07 ლარი ღირდა. შესაბამისად, მხოლოდ 16 დღეში ლარი დოლართან მიმართებით 8 პუნქტით გაუფასურდა.