საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება გაერო-ს კვლევას, რომელიც ბოლო დღეებში პოლიტიკური და საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა.
ვინაიდან, კვლევას არაერთი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ახალგაზრდა ფინანსისტებს საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას სწორი და დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული კვლევის შესახებ.
კერძოდ, გაერო-ს კვლევაზე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადება და ითქვა, რომ თითქოს აღნიშნული კვლევის მიხედვით, უკანასკნელ წლებში საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგდა და მან 8,2% შეადგინა, ხოლო იგივე მაჩვენებელი სომხეთში 5-ჯერ შემცირდა და ამჟამად 2.6%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში კი 2.4%-მდე დავიდა.
ინფორმაცია, თითქოს საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგდა სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ერთმანეთს შედარებულია 2006 წლისა და 2020 წლის მონაცემები, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებისას სრულიად განსხვავებულ სურათს ვიღებთ.
როგორც აფბაში აცხადებენ, გაეროს კვლევაში არსებული მონაცემები აღებულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევაზე დაყრდნობით, ხოლო თუკი თავად FAO-ს 2012 წლის კვლევის მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ 2012 წელთან შედარებით არასრულფასოვანი კვების დონე საქართველოში არა თუ გაზრდილია, არამედ პირიქით, 3-ჯერ არის შემცირებული. კერძოდ, „2020 შიმშილის რუკის“ მიხედვით საქართველო ყვითელ ზონაში მოხვდა. ანუ იმ ზონაში, სადაც მოსახლეობის 5-15% არასრულფასოვნად იკვებება. ხოლო, 2012 წლის რუკის მიხედვით საქართველო ე.წ. ყავისფერ ზონაში იყო, ანუ იმ ქვეყნებს შორის სადაც მოსახლეობის 15-25% იკვებება არასრულფასოვნად. 2012 წელს საქართველოს მაჩვენებელი 24.7% იყო, რაც 3-ჯერ მეტია დღევანდელ მაჩვენებელზე. ამ მონაცემებით, საქართველო მაშინ ევროპაში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც „ყავისფერ ზონაში“ მოხვდა, ხოლო მთლიანად ევრაზიის კონტინენტზე კი უკანასკნელ ათეულში, ბოლოდან მეექვსე პოზიცია ეჭირა იემენის, ჩრდილოეთ კორეის, ტაჯიკეთის, ლაოსის სახალხო რესპუბლიკის, და ერაყის შემდეგ.
ამასთან, 2012 წლის ანგარიშის თანახმად საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არასრულფასოვნად იკვებებოდა 1 მილიონი ადამიანი იყო, ხოლო დღეისათვის ციფრი – 300 000 მოსახლეს უტოლდება. შესაბამისად, მაჩვენებელი 3-ჯერ, ანუ 700 000-ი ადამიანით არის შემცირებული.
ინფორმაციისთვის, WFP–ის “შიმშილის რუკა 2020” ასახავს თითოეული ქვეყნის მოსახლეობაში არასაკმარის კვების გავრცელებას 2017-2019 წლებში. “შიმშილის რუკა” ასახავს ინფორმაციას, გლობალური ჯანმრთელობის ყველაზე დიდ რისკზე და ამ რისკის ცვლილების დინამიკას წლების მიხედვით, რაც იძლევა წლების მიხედვით განვლილი პერიოდთან შედარებითი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობასაც, თუ როგორია ქვეყანაში ჯანმრთელობის რისკის ცვლილების დინამიკა.
წყარო: „ბანკები და ფინანსები"