სილამაზის სალონებში ამ ეტაპზე რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მაია მიქაიას განცხადებით, სილამაზის სალონებში არსებული რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

როგორც მიქაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ინსპექტირების სამსახურებმა ქვეყნის მასშტაბით ყველა სილამაზის სალონი უკვე შეამოწმეს და მონიტორინგის პროცესი კვლავ გრძელდება.

„სულ 39 რეკომენდაციაა მიღებული, რომელიც სხვადასხვა სექტორისთვის არის შესაბამისი და ყველა ვალდებულია, რომ დაიცვას აღნიშნული რეკომენდაციები. საქმიანობები, რომელიც ნებადართულია, ექვემდებარება გეგმურ ინსპექტირებას და შესაბამისად, ეტაპობრივად ხორციელდება, დაწყებულია და გაგრძელდება შემოწმებები.

სხვადასხვა საქმიანობის დაშვებასთან ერთად რეგულაციების დამატებაც ხდება. რეკომენდაციების ცვლილება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ სრულად შეასრულონ ის მოთხოვნები, რომელიც არის მიღებული და რომლის დაცვის ვალდებულებაც აქვს ყველა ბიზნეს სუბიექტს.

ინსპექციას აქვს უფლებამოსილება კრიტიკული დარღვევის შემთხვევაში მოახდინოს ობიექტზე სამუშაო პროცესის გაჩერება. არაკრიტიკული დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 2000 ლარი, იურიდიული პირებისთვის - 10 ათასი ლარი“,- განაცხადა მიქაიამ.