კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას განაგრძობს და მალე ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს.
მათი ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი სამ მონაკვეთადაა დაყოფილი.
როგორც კომპანია POWERCHINA/Sinohydro-ში აცხადებენ, ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს. აქედან, კომპანია POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს და 2 ზოლიან ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებს.
„ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროექტია, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავს პროექტებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოში. საქართველოს მთავრობასთან POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) 2009 წლიდან თანამშრომლობს. სულ ცოტა ხნის წინ, დათქმულ ვადებში, ხარვეზების გარეშე ჩააბარა ორი პროექტი. ხულო-ზარზმის გზის პროექტში ჩართვამდე, კომპანიამ POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოში ექვსი პროექტი შეასრულა. ერთ-ერთი პირველი რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2010 წელს შედგა. მოგვიანებით, 2011-2013 წლებში კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ქობულეთის შემოვლითი გზის პირველ ლოტზე იმუშავა. მალევე, ამავე გზის მეორე ლოტიც POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-ს ჩაბარდა.
2014-2016 წლებში კომპანიამ თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე იმუშავა. დამფინანსებელი აქაც აზიის განვითარების ბანკი იყო. სულ ბოლოს კი, 2020 წელს POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ საქართველოში კიდევ ორი გზა ააშენა. ერთ-ერთი სამტრედია-გრიგოლეთის გზის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთია. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შედგა. ერთ-ერთი ბოლო პროექტი კი, რომელიც POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ საქართველოში შეასრულა, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ლოტი 1 და ლოტი 2-ია, ანუ ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.