"ქართული ოცნების“ მომავალი პრემიერობის კანდიდატი კვლავ გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი კი არჩილ თალაკვაძე იქნება.
ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. „ოცნების“2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე.
2020 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს. მისმა შემოსავალმა, პრემიერის პოსტზე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში 12 854 ლარი; ხოლო იქამდე შს მინისტრის პოსტზე - 41 986 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილს - ტოიოტა RAV4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 1 161 ლარი; 553 396 დოლარი და 393 ევრო ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე 10 175 ლარი შეადგინა. ასევე მისმა წლიურმა გასავალმა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე - 6 500 ლარი შეადგინა.
არჩილ თალაკვაძეს კი ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 24 ნოემბერს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც მის საკუთრებაშია 109,9 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ასევე ფლობს მოტოს - Harley-Davidson-ს.
მისმა შემოსავალმა უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე 2018 წელს - 53 172 ლარი შეადგინა, ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 14 657 ლარი ჰქონდა.
მისი მეუღლის შემოსავალმა კი ფინანსთა სამინისტროს პიარ-კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე - 16 552 ლარი შეადგინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი - Mini Cooper S, რომელიც 2019 წელს 8 600 დოლარად აქვს შეძენილი.
თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც მთავრობაში თანამდებობას 2012 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებს და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს. 2020 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს საჩუქრად მიიღო; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს. აქედან, ნასყიდობით მინისტრს მხოლოდ დიღომში 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი აქვს 2013 წელს შეძენილი. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 9 966 ლარი; 3 173 ევრო ჰქონდა. მისმა 2019 წლის ხელფასმა მინისტრის პოსტზე 60 000 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია. მის სახელზე ორი სამომხმარებლო სესხი ფიქსირდება, მასვე აქვს ანაბარი, რომელზეც უცხოეთში ბინის გაყიდვით მიღებული თანხა - 220480 ევროა დარიცხული.
რაც შეეხება ოჯახს, დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50 009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ახალქალაქში, სოფელ დილისკაში; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 2 725 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა კი 2019 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე - 27 559 ლარი შეადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე 2020 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფლობს, 175,8 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე: ფერწერული ტილოები, მათ შორის ბაღდავაძის ტილოები, რომლებშიც ჯამში, 4 200 დოლარი აქვს გადახდილი და 2 000 ლარად შეძენილი გუდიაშვილის ნახატი (ფურცელზე შესრულებული, ფანქრით). რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, 2 864,26 ლარი ჰქონდა, მისმა შემოსავალმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2 დეკემბრის პერიოდში - 45 809,82 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე კი - 4 976,48 ლარი შეადგინა.
ამასთან, როგორ დეკლარაციაშია მითითებული, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არის - სპს ,,მარიამ ხაჭაპურიძის და მამუკა მდინარაძის იურიდიული ფირმის'' 50%-იანი; სპს ,,მამუკა მდინარაძის, გიორგი გელაშვილის და შალვა მშვილდაძის კომპანიის“ 75%-იანი და სპს ,,მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრის“ 70%-იანი წილის მფლობელი, თუმცა არცერთი მათგანის მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება დეკლარაციაში. მის სახელზე ფიქსირდება ასევე იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც წლიურმა გასავალმა - 4 075,79 დოლარი შეადგინა.
მამუკა მდინარაძე ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. მისი მეუღლე ფლობს 119,23 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 1 621 ლარი ჰქონდა. ხოლო შემოსავალმა ააიპ - „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის პოზიციაზე - 28 537,6 ლარი შეადგინა.
ირაკლი კობახიძის შემოსავალმა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე 2018 წელს 64 692 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია კობახიძეს 2019 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული. გარდა ამისა, შემოსავლის სახით, 2018 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობისას, 13 920 ლარი აქვს მიღებული. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, კობახიძე ფლობს 157,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინასა და 20 კვ. მეტრის ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული. ასევე მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Nissan Tiida.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 65 353 დოლარი და 5 071 ლარი ჰქონდა.
ირაკლი კობახიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლის შემოსავალმა 2018 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად მუშაობისას - 11 712 ლარი; ხოლო შსს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოსტზე - 30 372 ლარი შეადგინა.