მსოფლიო ბანკმა ადამიანური კაპიტალის ინდექსის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში პანდემიამდე პერიოდში არსებულ ადამიანური კაპიტალის განვითარებას აფასებს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.57-ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 57 პროცენტს მიაღწევს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2020 წლის ადამიანური კაპიტალის მაჩვენებელი მეტია საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემზე და ქვეყნის 2010 წლის მაჩვენებელზე (რომელიც 0.54-ს შეადგენდა), ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე შედარებით დაბალია. საქართველოში განათლების ხარისხის ზრდა, რომელიც ბოლო დროს საერთაშორისო შეფასებებშიც აისახა, ქვეყანას დაეხმარება გაუტოლდეს რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადამიანური კაპიტალის ინდექსის 2020 წლის ანგარიშში შესული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 48 ქვეყნიდან 33 ქვეყანა შესულია მსოფლიოს ზედა მესამედში, და თითქმის ყველა მათგანი ზედა ნახევარშია მოქცეული. აღნიშნული შედეგები ძირითადად შეესაბამება რეგიონის შედარებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაჩვენებლებს.
“ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა სწორად მიანიჭეს პრიორიტეტი ინვესტიციებს ჯანდაცვასა და განათლებაში, რომლებიც ეკონომიკური ზრდის და განვითარების ძირითადი ფაქტორებია. თუმცა, COVID-19-ით განპირობებული გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერ რეაგირებას მოითხოვს პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის, ტექნოლოგიების მეტად გამოყენებას მომსახურების მიწოდების გასაუმჯობესებლად და სოციალური დაცვის პროგრამების გასაძლიერებლად, ადამიანების მიერ ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის მიღების უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ.
წლევანდელ ანგარიშში შესულია 103 ქვეყნისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარების მაჩვენებლების ანალიზი 2010- დან 2020 წლამდე. ალბანეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი გლობალურად 10 წამყვან ქვეყანას შორის არიან, რომელთაც პროგრესს მიაღწიეს ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით.
„საქართველომ ადამიანური კაპიტალის პროექტი ადრეულ ეტაპზევე დანერგა და თანმიმდევრულად ცდილობს თავისი მომავალი თაობების კეთილდღეობის ამაღლებას. ადამიანური კაპიტალის განვითარება კომპლექსური საკითხია და როგორც ვხედავთ, წინ მიმავალი გზა აღსავსეა გამოწვევებით, მაგრამ ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობის სამი ათეული წელი გვიჩვენებს, რომ ერთად ნებისმიერი გამოწვევის დაძლევას შევძლებთ. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მსურს, გამოვხატო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარების რეფორმის მიმართ,“- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
„საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი საქართველოს შედეგების გასაუმჯობესებლად განათლების მიმართულებით და მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის გრძელვადიანი შედეგების გასაუმჯობესებლად, რათა ძლიერი საფუძველი მოვამზადოთ მომავალი წარმატებებისთვის.“
მსოფლიო ბანკი დახმარებას უწევს სახელმწიფოებს გრძელვადიანი გადაწყვეტების შემუშავებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს გაცილებით მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური სისტემების ფორმირებას პანდემიის შემდგომ პერიოდში.
„აღსანიშნავია თანამშრომლობა უკრაინასთან, სადაც მსოფლიო ბანკი აძლიერებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირების ღონისძიებებს COVID-19 -ის მიმართ, გადაუდებელი დახმარების ცენტრების და 40 საავადმყოფოში ინსულტის განყოფილებების მოდერნიზაციისა და ათასობით უკრაინელი ექიმის ტრენინგის ჩათვლით. თურქეთში მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს ტელევიზიისა და ციფრული კონტენტის განვითარებას შერეული სწავლებისა და სწავლისთვის, როდესაც სკოლები გაიხსნება.
საქართველოში მსოფლიო ბანკი დახმარებას უწევს ორ პროექტს, რომლებიც კრიტიკული მნიშვნელობისაა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის: პირველია პროექტი სახელწოდებით „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“, რომელიც მიმართულია სკოლამდელ და მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებაზე წვდომის გაზრდისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისკენ; და მეორე პროექტია Log-in Georgia, რომელიც მიზნად ისახავს სწრაფი და ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას სოფლად და შორეულ რეგიონებში მცხოვრები დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც შეძლებენ ისეთ სერვისებზე წვდომას, როგორებიცაა ელექტრონული სწავლება და ტელემედიცინა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა COVID-19 -ის პანდემიის პირობებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მსოფლიო ბანკი ავრცელებს.