2020 წლის იანვარ-აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებში ახალი ავტომობილების გაყიდვები 32%-ით შემცირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ავტომწარმოებლების ევროპული ასოციაცია - ACEA ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, წელს 8 თვეში გაიყიდა 6,1 მლნ ახალი მსუბუქი მანქანა, რაც 2,9 მლნ ერთეულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველაზე მეტად გაყიდვები შემცირდა ესპანეთში - 44%-ით, იტალიაში - 38%-ით, საფრანგეთში - 32%-ით და გერმანიაში - 28,8%-ით.
ამავდროულად, ბოლო ორი თვის განმავლობაში, გაყიდვების მაჩვენებლები ისევე აღარ ეცემა, როგორც წლის დასაწყისში: ივლისში, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 7 ქვეყანაში ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა კიდევ. შედეგად, ივლისში რეგისტრირებული ავტომობილების მთლიანი მოცულობა, გასული წლის ივლისთან შედარებით, მხოლოდ 5,7%-ით შემცირდა.
რაც შეეხება აგვისტოს, ევროკავშირში რეგისტრირებული ახალი ავტომობილების რაოდენობა 18,9%-ით შემცირდა. უმსხვილესი ევროპული ბაზრებიდან მხოლოდ იტალიამ შეძლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიახლოება, იქ აგვისტოში გაყიდვები მხოლოდ 0,4%-ით შემცირდა. გერმანიასა და საფრანგეთში კი გაყიდვებმა 1/5-ით იკლო.