ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დღეს ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში პანდემიიდან გამომდინარე ვითარება და არსებული პრობლემები განიხილა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება კონკრეტული სამუშაო პლატფორმა და სამოქმედო გეგმა, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას კოვიდის პერიოდში.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.
„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ ანტიკრიზუსულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ბოლო პერიოდში განმავლობაში განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გამიზნულია ბიზნესის სექტორის მხარდაჭერაზე და დახმარებაზე. ამ ეტაპზე შეხვედრა შედგა ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ამ ინდუსტრიას განსაკუთრებით აწუხებს - ეს არის, როგორც ფინანსური, ასევე რეგულაციური საკითხები. შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე იმისათვის, რომ ეს პროცესი გადავიყვანოთ სამუშაო გარემოში და საბოლოო ჯამში შევჯერდეთ იმ ფორმაზე, იმ პროგრამის დიზაინზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით ამ ინდუსტრიას, ამ ბიზნესს მხარში დაუდგეს კოვიდის პერიოდში“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
როგორც კომპანია „ლუმენის წარმომადგენელმა, თაკო კვარაცხელიამ აღნიშნა, სამინისტროში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამუშაო ფორმატში მოხდა ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
„ჩვენი სურვილია პუნქტები რეგულაციით გაიწეროს ზუსტად, რომ სექტორი აქტიურად ჩაერთოს და მოერგოს იმ რეგულაციებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ იმ საკითხებზე პასუხებს, რომლებიც დღეს შეხვედრაზე დაისვა“,- განაცხადა კვარაცხელიამ.