მამუკა ხაზარაძის შეთავაზება პრაგმატულ საზრისს ეყრდნობა,- ასე აფასებს „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი, პაატა შეშელიძე.
„ლელოს“ ინფორმაციით, შეთავაზებული ინიციატივით მამუკა ხაზარაძე მთავრობას ურჩევს ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა აქვს, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით.
ეკონომისტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ხაზარაძის იდეა, ბანკებმა განახორციელონ რეფინანსირება, როდესაც მსესხებლები ვერ იხდიან სესხებს, სრულიად მისაღებია. მისი განმარტებით, ამით ბანკები გადახდისუნარიან კლიენტებს შეინარჩუნებენ.
„რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ შემთხვევაში კერძო ორგანიზაციას თავად შეუძლია შეცვალოს თავისი პირობები, შესთავაზოს მომხმარებელს რაიმე სიახლე, დაიცვას საკუთარი ინტერესები. მამუკა ხაზარაძის შეთავაზება პრაგმატულ საზრისს ეყრდნობა. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვერ ემსახურებიან საკუთარ სესხებს და ა.შ, ბანკებს შეექმნათ პრობლემები. ბუნებრივია, ამ ვითარებიდან უნდა მოიძებნოს გამოსავალი. ჩვეულებრივ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბანკები ცდილობენ კი არ „დაახრჩონ“ კლიენტი, არამედ გაუხანგრძლივონ სესხის გადახდა, გააფორმონ მასთან ახალი ხელშეკრულება განსხვავებული პირობებით და ვადებით. ბუნებრივია, რეფინანსირება არ გულისხმობს სესხის პატიებას. მხოლოდ ვადაში იქნება ეს ყოველივე გადაწეული. შესაძლებელია კლიენტთან, მისი სურვილის შემთხვევაში, გაფორმდეს ახალი სესხი იგივე პირობებით, ოღონდ ახალ ვადებზე გათვლით. იდეა, რომ ბანკებმა განახორციელონ რეფინანსირება, რაკი მოქალაქეები ვერ იხდიან და ვერ ემსახურებიან სესხებს, სრულიად მისაღებია. ამგვარი მიდგომა, ზოგადად, ბიზნესის შემადგენელი ნაწილია: თუ ადამიანი ვერ იხდის, კი არ „ახრჩობ“, არამედ ახალ პირობებს სთავაზობ, რომ მერე მაინც გადაიხადოს. ამით ბანკები გადახდისუნარიან მსესხებლებს ინარჩუნებენ,“-აცხადებს პაატა შეშელიძე.
„შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, სასესხო ვალდებულებებისგან სამი თვით გათავისუფლდნენ. ამავე დროს “ლელომ” მთავრობას, 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას შესთავაზა. როგორც რამდენიმე თვის წინ, პარტიაში აცხადებდნენ, აღნიშნული ფონდი მათ მიერ შეთავაზებული 6 - მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.ფონდი კი საშუალებას მისცემდა კომპანიებს, შეენარჩუნებინათ თანამშრომლების 80%“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.