„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმად, ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ჩამორჩება.
მისი თქმით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას უკავშირდება.
„ადამიანური კაპიტალის ინდექსი ძირითადად ეფუძნება 2 კომპონენტს, როგორიცაა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. მსოფლიო ბანკის ამ კვლევით და ამ ინდექსით, ჩვენ საგრძნობლად ჩამოვრჩებით არა მარტო ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც. საქართველოს ინდექსი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. შედარებისთვის, ადამიანური კაპიტალის ინდექსი უზბეკეთში არის0.62, ყაზახეთში 0.63, სომხეთსა და აზერბაიჯანში 0.58, ესტონეთში -0.77. საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსის ეს უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწრაფი და რადიკალური რეფორმებია საჭირო ქვეყანაში, რომ ადამიანებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა. მითუმეტეს, რომ COVID-19-ით განპირობებული პანდემია კიდევ უფრო დაამძიმებს და გააუარესებს ამ შედეგებს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა ადამიანური კაპიტალის ინდექსის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში პანდემიამდე პერიოდში არსებულ ადამიანური კაპიტალის განვითარებას აფასებს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.57-ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 57 პროცენტს მიაღწევს.