საერთაშორისო ავტომაგისტრალების მშენებლობის მიმართულებით რიცხვები შთამბეჭდავია, თუ 2012 წლამდე, 8 წლის განმავლობაში აშენდა 68 კმ გზა, მხოლოდ წელს, ჯამში გავხსნით 70 კმ გზას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს ინტენსიური შრომის შედეგია.
„ამაში არ არის მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციების, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გზების დეპარტამენტის შრომა, ეს არის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის დამსახურება. ძირითადად, ყველა საერთაშორისო პროექტი ფინანსდება საერთაშორისო პარტნორების და ბანკების მიერ, რომელთა წესების მიხედვით ხდება როგორც შესყიდვების პროცედურების გამართვა, ასევე სამუშაო პროცესზე ზედამხედველობა და სამუშაოების ჩაბარება, რაც განაპირობებს მაღალ ხარისხს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებებით ავტომაგისტრალების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების ჯამური ღირებულება დაახლოებით 12 მლრდ ლარია.
„ეს ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო ინტეგრირების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ისტორიულად ვართ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად ჩვენი კავშირები ყველა სავაჭრო პარტნიორთან ხდება ბევრად უფრო სწრაფი, უფრო საიმედო, უფრო მაღალი გამტარუნარიანობის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩნდება საქართველოში საწარმოებისა და ტვირთების მომსახურე ცენტრების განთავსების პირდაპირი ინტერესი, ეს კი დამატებითი შემოსავალია ჩვენი ეკონომიკისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.