როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ და მმართველმა გუნდმა, ჩვენ ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ ღირსეული ცხოვრების პირობები ყველგან და იცით, რომ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ, მათ შორის მთის განვითარებაშიც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და ვალდებულებების შესრულების განუყოფელი ნაწილია, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პრაქტიკულად, მესამედი დროით შევძლებთ მგზავრობის მარშრუტების შემცირებას. ეკონომიკურად ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ მოგზაურობას, ეგრეთ წოდებულ წრიულ მარშრუტებს. მაგალითად, ზარზმიდან შეგვიძლია ჩავიდეთ ბათუმში და შემდეგ ბათუმიდან დავბრუნდეთ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთით. ერთი მოგზაურობის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ბევრად უფრო მეტი დასახლებული პუნქტი, სადაც მომსახურების მიღებისა და პროდუქტების შეძენით შევიტანთ მუდმივ შემოსავალს იმ ოჯახების ბიუჯეტში, რომლებიც ამ გზების გასწვრივ ცხოვრობენ“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მაია ცქიტიშვილმა იმერეთი-რაჭის ახალ, 51 კილომეტრიან გზაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ მარშრუტზე მდებარე სოფლების მოსახლეობას საშუალება აქვთ, სახელმწიფოს მხარდაჭერით საოჯახო ბიზნესი განავითარონ.
„დღეს ეს გზა ჩვენც გვაძლევს საშუალებას, რომ რაჭაში უფრო ხშირად ჩავიდეთ. მათ შორის, ამ 8 სოფლის მოსახლეობას უქმნის შესაძლებლობას, გახსნას „გესთ ჰაუსი“, მარანი, კაფე. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი 40 მლნ ლარი გამოეყო საგრანტო პაკეტის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში. ასევე, 30 000 ლარამდე გაიზარდა ერთჯერადი გრანტის მოცულობა, რომელიც სწორედ ასეთ ოჯახებს აძლევს საშუალებას გაარემონტონ არსებული საოჯახო სახლი, მოაწყონ კვების ობიექტი და ეს არის მათი ბიზნესი. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეგიონულ გზებს აქვს განვითარების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ჰქვია სამინისტროს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების შედეგად ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურ შემოსავალს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ამ რეგიონებში“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.