საქართველოში მიმოქცევაში 6 794 856 საკრედიტო და სადებეტო ბარათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 1,82 საბანკო ბარათი მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში მიმოქცევაში იყო 524 735 ერთეული საკრედიტო ბარათი, რაც წინა წლის ანალოგიურ პრიოდთან შედარებით 20,5%-ით ნაკლებია. 2019 წლის აგვისტოში მიმოქცევაში 659 945 საკრედიტო ბარათი ფიქსირდებოდა.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სადებეტო ბარათების რაოდენობა. 2020 წლის აგვისტოში მიმოქცევაში იყო 6 270 121 სადებეტო ბარათი, ეს კი 140 375 ერთეულით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წელს აგვისტოში მიმოქცევაში იყო 6 129 746 სადებეტო ბარათი.
ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 1 801 086 სადებეტო ბარათია, ხოლო Mastercard/Maestro-ს ბარათების რაოდენობა 4 066 995 -ს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 402 040-ია.
საკრედიტო ბარათების მიმართულებით კი ბაზრის ლიდერი VISA-ს სისტემაა - აგვისტოს მონაცემებით, ბაზარზე მიმოქცევაში იყო 217 599 ბარათი, შემდეგ მოდის Mastercard/Maestro - 171 749 ბარათით. სხვა სისტემების საკრედიტო ბარათების რაოდენობა კი 135 387-ია.