არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia“ სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ავიაციის ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაციას მართავს თემაზე - „საქართველოს ავიაციის როლი და ფუნქცია სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“.
„HUB Georgia“-ს დამფუძნებლის გიორგი კოდუას განცხადებით, დღეს პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავენ იმ საკითხებსა და ნაბიჯებს, რომელიც კორონავირუსის პირობებში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გადასალახად აღნიშნულ სფეროს სჭირდება.
„ჩვენ დღეს გვაქვს კონფერენცია ავიაციასთან მიმართებაში, თუ რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია. თუ როგორ განვითარდა ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ავიაცია, რა პრობლემები ჰქონდა, რა ხარვეზები იყო, რა არის საჭირო და რა ღონისძებებია დასაგეგმი იმისთვის, რომ კორონავირუსის მიერ შექმნილი პრობლემები გადავლახოთ და დავსახოთ ქვეყნის შემდეგი განვითარების გეგმა, თუ როგორ უნდა ამოვიდეს ამ კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკა. შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს ტრანსპორტისა და ავიაციის გარეშე, შესაბამისად, ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე საუბარი პოლიტიკური ფიგურების სრულ სპექტრთან. ვისაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარება აინტერესებს, ჩვენ ამას წარვუდგენთ და რა თქმა უნდა, მათგანაც გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.