„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“, - ასე აფასებენ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ შრომის კანონმდებლობაში მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს.
როგორც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენის წესით მხარდაჭერით პრაქტიკულად დასრულდა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შრომითი პირობების თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანას და, ამავდროულად, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასოციაცია თითქმის ერთი წელია ინტენსიურად მუშაობდა ცვლილებების პაკეტზე პროექტის ავტორებთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ეს იყო წინააღმდეგობებით დატვირთული, მძიმე და ამავდროულად მეტად საინტერესო პროცესი, სადაც ყველა მხარეს სურდა მიეღო მაქსიმალური შედეგი, მაგრამ, ამავდროულად, პროცესში მონაწილე მხარეები გარკვეულწილად აცნობიერებდნენ კომპრომისების გზით დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობებში სწორი ბალანსის მიღწევის საჭიროებასა და აუცილებლობას.
„მადლობელი ვართ, როგორც აღმასრულებელი ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირების პროცესში ასეთი აქტიური ჩართულობისათვის. სწორედ მათთან და მათ წარმომადგენლებთან მჭიდრო, პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად შევძელით დაგვერწმუნებინა დისკუსიებში ჩართული ყველა მხარე, უცხოელი პარტნიორების ჩათვლით, რომ შრომითი ბაზარი არ არის ჯერ მზად და ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზიანებდა იმგვარი სიახლეების შემოღება, როგორიცაა მინიმალური ხელფასი, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მინიმალური სტანდარტის ზრდა, სამუშაო საათების მკაცრი ლიმიტების დაწესება თუ სხვა.
თუმცა, ამავდროულად, მიუხედავად ადმინისტრაციული და ფინანსური ტვირთისა ჩვენ დავთანხმდით მთელ რიგ ცვლილებებს, მათ შორის დასაქმებულთა დაცვის მიზნით სამუშაო დროისა და შესვენების დროის დამატებით რეგლამენტირებას, თანაბარი ანაზღაურების პრინციპის შემოღებას, დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების სტანდარტების გაუმჯობესებას, შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას და ასე შემდეგ.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ შრომითი კანონმდებლობის ახალი რედაქცია არის ის საუკეთესო ბალანსი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შემოღებასა და დამკვიდრებას, მეორე მხრივ კი არ შეუქმნის მნიშვნელოვან პრობლემებს ბიზნეს და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ობიექტურობის დაცვის მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ მიღწეული შედეგი არის ბიზნესის, და ზოგადად ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი მონაპოვარი და კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს“,- განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა.