ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე დარტყმა მიადგა, მაგრამ „გამოწვევის ეფექტიანი მართვის შედეგად, რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც დღეს უკვე სახეზეა ეკონომიკის პირველი გაჯანსაღების და აღდგენის ნიშნები“.
როგორც ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4-5%-ით შემცირდება. მისივე განცხადებით, შეზღუდვების გარეშე, ვირუსის უკონტროლო გავრცელების პირობებში ეკონომიკა ვერ მუშაობს.
„რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პირველი გაჯანსაღების ნიშნები უკვე სახეზეა და ამითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. მაგალითად, თვიდან თვემდე ეკონომიკური კლების ტემპი მცირდება, მართალია საქართველოს ეკონომიკა წელს კლებადი იქნება, მაგრამ კლების ტემპი იქნება -4%,-5%. საშუალო ევროპული მოსალოდნელი კლების ტემპი -10%-ია. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეკონომიკას პირველ რიგში ურტყამს არა შეზღუდვები, მით უფრო თუ შეზღუდვები დროულია, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ დაიბარა".