ნათია თურნავა ოპოზიციას - ახლა გახდით დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ქომაგები?

თქვენ და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალა გვაკრიტიკებდა, რატომ შემოიყვანეთ „რეინეარიო“, რატომ შემოიყვანეთ დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიო და ახლა გახდით დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ქომაგები? - ასე მიმართა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას.

მისივე თქმით, ფრენების აღდგენის პროცესი არის მთავრობის ადაპტაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი.

"ჩვენ ივნისიდან მოყოლებული ეტაპობრივად, ფრთხლად, ვხსნით ფრენებს, ვხსნით ჩვენს ცას. ისევ იმ დონეზე გვინდა ავიდეთ რაღაცა პერიოდის შემდეგ, რაც ჩვენ გვქონდა 2019 წელს და იცით როგორი დონე გვქონდა? ჩვენს ცაში დაფრინავდა 50 -ზე მეტი ავიაკომპანია და 83 მიმართულებით ფრენა. კვლავაც ყველას აქვს გამოთქმული მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობაზე ისინი განაახლებენ ფრენას. 2012 წლამდე, თქვენ როცა ახლა გახდით ქომაგები ავიაკომპანიების, სულ 28 ავიაკომპანია და 44 მიმართულება იყო. რატომ არ შემოიყვანეთ "ვიზეარი" და "რეინეარი" 2012 წლამდე? ისეთი პათოსით საუბრობთ ხოლმე ამ თემაზე, თითქოს, ჩვენი ხელისუფლების დროს არ მოხდა ამ დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შემოყვანა. თქვენ და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალა გვაკრიტიკებდა ჩვენ რატომ შემოიყვანეთ "რეინეარიო", რატომ შემოიყვანეთ დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიო? ნუ ვქმნით იმის ილუზიას, რომ ახლა როცა გლობალური პანდემიაა და ქვეყნები მიიღებენ პერიოდულად გადაწყვეტილებებს, რომ შეზღუდუნონ თავისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ფრენები, ახლა გახდით დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ქომაგები. როცა შემოვიყვანეთ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები, თქვენ გვაბრალებდით, რომ ეს იმისთვის კეთდება, საქართველო დაიცალოსო, უხერხულია ამაზე საუბარი. მთავარია, რომ ფრენების აღდგენის პროცესი დაიწყო და ეს არის ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი", - განაცხადა ნათია თურნავამ.