ამერიკულმა ელექტროსატვირთოების მწარმოებელმა კომპანიამ Nikola-მ აღიარა, რომ იმ ვიდეორგოლში, სადაც ნაჩვენებია მათი სატვირთო ავტომობილი, იმ მომენტისთვის დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. კომპანიამ აღნიშნულით უპასუხა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ერთ-ერთი აქციონერისგან, რომელმაც კომპანია ტყუილში ამხილა.
Nikola-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მათ არასოდეს უთქვამთ, რომ სატვირთო Nikola One-ის პროტოტიპს შეეძლო დამოუკიდებლად მოძრაობა, თუმცა აცხადებენ, რომ სატვირთოს მეორე ვერსია მუშაა და ის დამოუკიდებლად გადაადგილდება.
„Nikola არასოდეს ამტკიცებდა, რომ რგოლში გადაღებული სატვირთო დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა, მას აქვს წარწერა „მოძრაობაშია“ და არა “მოძრაობს დამოუკიდებლად“ ან „გადაადგილდება ძრავის საშუალებით“ - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე განცხადებით, კომპანია გადაერთო მეორე თაობის სატვირთოზე და ამიტომ არ ჩათვალა საჭიროდ დაეხარჯა რესურსი და დრო ამ კონკრეტული მოდელის რეალურად ამოძრავებაზე.
ცნობისთვის, ვიდეო, რომელზეც საუბარია, გავრცელდა 2016 წელს, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება გზაზე აღნიშნული კომპანიის სატვირთო. Ars Technica-ს აზრით სწორედ ამ ვიდეოთი შეძლო კომპანიამ ისეთი პარტნიორების მომხრობა როგორებიც არიან Bosch და Iveco.