ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია, წლის ბოლომდე რა გამოწვევის წინაშე დადგება საქართველო პანდემიის გამო, „დაუფიქრებელი, წინასწარ დაუთვლელი გადაწყვეტილებებისა და ზომების მიღების დრო არ არის“. ამის შესახებ თურნავამ გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მიზნობრივია და საგადასახადო შეღავათები მათ მიენიჭათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
„ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა ეპიდემიის პირველივე დღეებში მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და მეგობარი მთავრობებიდან ფინანსური დახმარების დროულად მობილიზება.
ეს რესურსი გვაძლევს ახალ ფინანსურ გამოწვევებთან გამკლავების სტაბილურ შესაძლებლობას. მაგრამ ნებისმიერი რესურსი არის შეზღუდული. თქვენ წესით, ბატონო გიგა, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი დანახული უნდა იყოს, პირველ რიგში, ფისკალურ ჭრილში განსაკუთრებით დღეს, როდესაც თითოეულ ლარს თავისი მიზნობრივი გამოყენება სჭირდება, იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია, თუნდაც წლის ბოლომდე რა გამოწვევის წინაშე დაგვაყენებს გლობალური პანდემია. დაუფიქრებელი, წინასწარ დაუთვლელი გადაწყვეტილებებისა და ზომების მიღების დრო არ არის. საბედნიეროდ, დღეს საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ამას ითვალისწინებს და კარგად ესმის.
ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, მათ შორის საგადასახადო შეღავათების ნაწილში, იყო მკაცრად მიზნობრივი და სწორედ მათ მივანიჭეთ ეს შეღავათები, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და თან ისე, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც წელს დაბალანსებულია საგარეო დახმარების წყალობით, ესეც, რა თქმა უნდა, ვალია და მით უფრო მეტი პასუხსიმგებლობა გვენიჭება. თქვენ საშემოსავლო გადასახადი ახსენეთ, საშემოსავლო გადასახადი გავუნულეთ 750 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს, 750-დან 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს საკმაოდ სერიოზული შეღავათი მივანიჭეთ იმ პირობებით, რომ მათი სამუშაო ადგილები შენარჩუნდება. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ სწორედ მიზნობრივად დასაქმების მხარდაჭერა გვინდოდა.
რაც შეეხება ქონების გადასახადს, აქაც ყველაზე დაზარალებულ, ტურიზმის ინდუსტრიას საერთოდ მოვუხსენით ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი გადავუვადეთ და ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ შიდა ტურიზმის სეზონი ჩაგვეტარებინა. მთლიანობაში ეს არის გათვლის შედეგი, ამ გზით 300 მილიონამდე დარჩა ეკონომიკაში და ეს ის ციფრია, რომელიც წაადგა ხელფასების გაცემას, ადამიანებს, მაგრამ არ აზარალებს სხვა ძალიან მნიშვნელოვან და ანტიპანდემიურ პროგრამებს“, - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას შემდეგნაირად მიმართა: „მე მინდა თქვენ გვითხრათ ზღვარი, რა ზღვრის შემდეგ განიხილავთ სერიოზულად ტვირთის შემცირებას მეწარმეებისა და მოქალაქეებისთვის. თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ სამასი მილიონი დავტოვეთ ეკონომიკაშიო, 6 მილიარდი არის დაკარგული და 300 მილიონი დაუტოვეთ ხალხს? ეს ბალანსი თქვენი აზრით პასუხობს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და მეწარმეები დგანან? საშუალო კლასი და გაჭირვებული ხალხი? რა ზღვარს უნდა აცდეს კრიზისი და გაჭირვება, თქვენ რომ ტვირთის შემსუბუქება განიხილოთ და 300 მილიონი რანაირად პასუხობს 6 მილიარდიან დანაკარგს?! ისევ უტიფარი ტყუილი, ვწუხვარ რომ ეს უნდა გითხრათ“.