რა ქონებას ფლობს კახეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ის პარტიამ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში წარადგინა.

ირაკლი ქადაგიშვილი კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს 2016 წლიდან იკავებს. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ქადგიშვილმა 2020 წლის 14 სექტემბერს შეავსო, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფლობს 2 ბინას თბილისში და 2 მიწის ნაკვეთს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში. ერთი ბინა თბილისში მემკვიდრეობით მიიღო 2004 წელს, მეორე კი 2010 წელს 15 000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ირაკლი ქადაგიშვილს საბანკო ანგარიშებზე ფული არ ჰქონდა, რაც შეეხება ნაღდ ფულს, ყოფილ რწმუნებულს დანაზოგის სახით აქვს 14 000 დოლარი.

რაც შეეხება შემოსავალს, 2019 წელს ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მუშაობისას ხელფასის სახით მიიღო 56 640 ლარი.