სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 29 188 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 347 589 ლარი შეადგინა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

ამასთან, 18 სექტემბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 29 188 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 347 589 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.