ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი დავასტაბილუროთ და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოიხსნება დღის წესრიგიდან,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით ეფექტურ ნაბიჯებს დგამს.
„მინდა დარწმუნებით ვთქვა, იმ გაჯანსაღების ნიშნების ფონზე, რაც მომავალში გაძლიერდება, გახსნილი ეკონომიკის, ფრენების გახსნის და იმ ეფექტური ნაბიჯების ფონზე, რასაც ჩვენ ვდგამთ ვირუსის შემდეგი მართვის მიმართულებით, ასევე იმ ფონზე, როდესაც განვაცხადეთ, რომ ბიზნესს სერიოზული შეზღუდვები არ ექნება, ეს, რა თქმა უნდა, სკეპტიკურ მოლოდინებს მოხსნის და ლარის კურსს დასტაბილურების საშუალებას მისცემს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი ვართ ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ნაბიჯების გადადგმის პროცესში. ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი დავასტაბილუროთ და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოიხსნება დღის წესრიგიდან“,-განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა.