ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია „რაინეარით" ფრენები შესაძლოა, მიმდინარე წლის ნოემბრიდან გახდეს შესაძლებელი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მხრივ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
„ვიზეარი" არის ჩვენი ხელისუფლების დროს, 2016 წელს შემოყვანილი დაბალბიუჯეტიანი კომპანია. ასევე, ძალიან ვამაყობთ იმით, რომ 2019 წელს მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი „რაინეარი" შემოვიყვანეთ. ზოგადად, ღია ცის პოლიტიკა, კონკურენცია ჩვენს ცაში სხვადასხვა კომპანიის შემოყვანით, ეს ჩვენი პოლიტიკური მონაპოვანია, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავთმობთ. თუმცა, პრიორიტეტი არის მოსახლეობის ჯანმრთელობა. ჩვენ ძალიან ფრთხილად, უკვე დავუშვით პირველი რეგულარული ფრენები რიგასა და ქუთაისს შორის. რიგა, ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული და რეისს „ვიზეარი" ასრულებს. „რაინეართან" ვაგრძელებთ მოლაპარაკებას. მათ აქვთ შემოთავაზება, თავიდან პაკეტული მიდგომა იყო, მერე კი უფრო ოპტიმიზებული. ვფიქრობთ, რომ შევჯერდებით რაღაცაზე და ალბათ, უფრო ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ნათია თურნავამ.