„არამარტო ამ ხელისუფლების, არამედ 90-იანი წლებიდან, არასდროს მიცდია, რომ ხელისუფლებასთან რამე დამელაგებინა,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა, პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცეზარ ჩოჩელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„მუდმივად გვქონდა პრობლემები, თუმცა, არამარტო ამ ხელისუფლების, არამედ 90-იანი წლებიდან, არასდროს მიცდია, რომ ხელისუფლებასთან რამე დამელაგებინა. არც რაიმე ბიზნესინტერესები არ გაგვაჩნია. საზოგადოებაში კი ჩნდება მცდარი აზრი - თუ რა უნდა ბიზნესმენს პოლიტიკაში. მაგრამ თუ იურისტი ხვდება პარლამენტში და მასზე არ გვიჩნდება კითხვები, რომ შესაძლოა ყოფილი კლიენტების ინტერესები გაატაროს, ბიზნესმენზე რატომ ჩნდება მუდმივად ეს განცდა.
ცდუნება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. არა აქვს მნიშვნელობა - ექიმი იქნება, ბიზნესმენი თუ იურისტი. ყველაზე საშიშია პირი, რომელიც არაფრით მოდის და მერე საკმაოდ შეძლებული და გამართული წელით მიდის. მე სახელმწიფო სამსახურშიც ვიყავი და შეგვიძლია ვნახოთ, რა ქონებას ვფლობდი გუბერნატორობამდე და შემდეგ. გარწმუნებთ, გაცილებით მეტი მქონდა სანამ გუბერნატორი გავხდებოდი,“-განაცხადა ჩოჩელმა.