ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მესტიის ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდეს. აღნიშნულის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მესტიაში საპროტესტო აქციების შესახებ, სადაც ეკონომიკის მინისტრისგან დახმარებას ითხოვენ.
"ათობით შეხვედრა ჩატარდა არა მხოლოდ ჩემი მონაწილეობით, არამედ პრემიერ- მინისტრის, მისი აპარატის, მთელი სამინისტროს მონაწილეობით სხვადასხვა ჯგუფთან, რომ გამოგვეკვლია მათი პრობლემები და შემდეგ აისახებოდა მათი პრობლემატიკა ჩვენს ანტიკრიზისულ გეგმაში. "აწარმოე საქართველოში" პროგრამა პირველი დღიდან ეხმარება დაზარალებულ ტურისტულ ინდუსტრიას და ჩვენ პერიოდულად ვაახლებთ ამ პროგრამებს, სულ ახლახანს გავაგრძელეთ ის პროგრამა, რომელიც მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის იყო გაკეთებული და სესხების პროცენტის სუბსიდირებას ისახავდა მიზნად. ახლაც ჩემი თანამშრომლებიც კონტაქტზე არიან მესტიის ტურისტულ ობიექტებთან და საჭიროების შემთხვევაში, მეც რა თქმა უნდა, ჩემ გუნდთან ერთად მზად ვარ შევხვდე, გავიაროთ ყველა ის პრობლემა, ისევე როგორც აქამდე ვთანამშრომლობდით, კომუნიკაციით ვაგვარდებდით ამ პრობლემებს, მათ შორის ბანკებთანაც შუამდგომლობას ვწევდით, ასევე მზად ვართ დახმარებისთვის,"- განაცხადა თურნავამ.