გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ საკონცერტო დღეს ღია ამფითეატრში ლიზა ბათიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტი – City Lights შესრულდა ეროვნულ ორკესტრთან ერთად.
საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი გასულ წელს დაარსდა და შარშან წინანდლის მამულმა 40-მდე კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად კამერული და სიმფონიური ორკესტრები მონაწილეობდნენ.
წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამაარსებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი ავი შოშანი და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.
წლევანდელი რეალობიდან გამომდინარე ფესტივალი მხოლოდ 4 დღის განმავლობაში გაიმართება. საქართველოში და მსოფლიოში კოვიდ 19-ის გავრცელების გამო, ფესტივალის ორგანიზატორებს უამრავი სირთულის დაძლევა მოუხდათ, თუმცა, წინანდლის ღია ამფითეატრში მსმენელის წინაშე მაინც წარსდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები.
ლეგენდარული მარტა არგერიხი უკვე წინანდალშია. ის 19 და 20 სექტემბერს გამართავს კონცერტებს. კონცერტებს გამართავენ ალექსანდრე კანტაროვი, ნელსონ გოერნე და დანიელ ლოზაკოვიჩი. სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წლევანდელი პროგრამის ტრადიციული მონაწილეა.
ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.
(R)