„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცეზარ ჩოჩელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„არ ვიცი რას ნიშნავს სტაბილური მოძრაობა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მუდმივად რყევის ქვეშ არის,“- განაცხადა ჩოჩელმა ეროვნული ვალუტის კურსზე საუბრისას. მისივე თქმით, ეკონომიკურ საკითხებს რაც შეეხება, მათი პარტია ითანამშრომლებს ყველასთან.
„ჩვენი მთავარი მიზანია რამენაირად შევძლოთ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც გამოიწვევს დასაქმების მაქსიმალურ გაზრდას. მომაბეზრებელია ადამიანებისთვის მუდმივად ხელგაწვდილი ცხოვრება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ღირსეულად დასაქმებული ადამიანი გვყავდეს.
„დღესაც ხშირ შემთხვევაში მინიმალურ ზღვარზეა სახელფასო განაკვეთები. იგივე ჩვენი ბიზნესის შემთხვევაშიც არ ვარ კმაყოფილი იმ ხელფასებით, რაც ჩემ კომპანიაშია. საშუალო ხელფასი არის 1 800 ლარი, სხვადასხვა პოზიციის მიხედვით არის გაცილებით მაღალი ხელფასები, ხოლო მაგალითად, დამლაგებლის ხელფასი არის 500 ან 600 ლარი. მაგრამ დღეს ეს ხელფასი ძალიან მცირეა, რადგან 2012 წელს იგივე ხელფასები მქონდა თანამშრომლებზე, თუმცა, მაშინ სხვა მსყიდველუნარიანობა გააჩნდა ამ 600 ან თუნდაც 1 000 თუ 2 000 ლარს.
დღეს კი შემდეგი სურათი გვაქვს - ლარი გარბის, ბიზნესი და წარმოება ვერ ეწევა ლარის მოძრაობას. 2013 წლიდან ეკონომიკის ყველა მინისტრი ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობს“. არ ვიცი რას ნიშნავს სტაბილური მოძრაობა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მუდმივად რყევის ქვეშ არის. ერთ კომპანიაზე გეტყვით, 8 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გვაქვს 250 მლნ-მდე შეტანილი, დაახლოებით 60-70 ათასი ხელფასებშია გაცემული, ერთი მაგდენი ბანკებშია გადახდილი და ერთი თეთრი დივიდენდი არ არის გაცემული. ეს არის პასუხი კითხვაზე თუ რატომ ვერ ვზრდით ხელფასებს,“- განაცხადა ჩოჩელმა.