ლიბიის მიერ ექსპორტის განახლებას, ნავთობის ფასის კლება მოჰყვა

მას შემდეგ, რაც ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურმა კალიფა ჰაფთარმა გამოაცხადა, რომ ლიბია ნავთობის ექსპორტზე ბლოკადას ხსნის, ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. ლიბიის ნავთობის ექსპორტი იანვრიდან არის ბლოკირებული, რისი მიზეზიც ისაა, რომ ლიბიის ნავთობის ეროვნული კორპორაცია, რომელსაც ჰაფთარი ვერ აკონტროლებს, ნავთობის საწარმოების დემილიტარიზაციას მოითხოვს.

ჰაფთარის განცხადების შემდეგ, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 20 ცენტით, 43.10 დოლარამდე დაიკლო. ასევე 20 ცენტით გაიაფდა ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI), რომლის ფასიც შუადღისას 40.77 დოლარი იყო.

მაგრამ ამის მიუხედავად, ორივე მარკის ნავთობის ფასი, კვირის განმავლობაში გაზრდილია, რაც ქარიშხალ სალის გამო, ამერიკული წარმოების კლებამ გამოიწვია. გარდა ამისა, საუდის არაბეთი თანაალიანსელებისგან მოითხოვს, რომ კვლავ გაგრძელდეს წარმოების კვოტირება. პარალელურად, „გოლდმენ საქსი“ ვარაუდობს, რომ ნავთობის ბაზარზე დეფიციტია მოსალოდნელი. ეს ყველაფერი ნავთობის ფასის ზრდას იწვევს.

ლიბია ბლოკადის გამოცხადებამდე, დღიურად 1.2 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა. ექსპორტის განახლების შემთხვევაშიც, ლიბიის მიერ ნავთობის გატანის მოცულობის ძველ დონეზე ასვლას, გარკვეული დრო დასჭირდება.

„გოლდმენ საქსმა“ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის შეაბამისადაც, მეოთხე კვარტალში ნავთობის დეფიციტი დღეში 3 მილიონ ბარელს მიაღწევს. შესაბამისად, ნედლეულზე საორიენტაციო ფასი წლის ბოლოსთვის 49 დოლარამდე გაიზარდა. უფრო მეტიც, „გოლდმენ საქსი“ ვარაუდობს, რომ მომავალი წლის მესამე კვარტალში ნავთობი 65 დოლარი ეღირება. მსგავსი პროგნოზი აქვს შვეიცარიულ ბანკ UBS-საც, რომელიც ფიქრობს, რომ მეოთხე კვარტალში ნავთობის ფასი 45 დოლარს მიაღწევს, მომავალი წლის ზაფხულში კი 55 დოლარამდე გაძვირდება.