რა არის „გიჟმაჟი პეკანი“  - კომპანიამ  „ჭკვიანი თხილი“  ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი გამოიტანა

„ჭკვიანი თხილის“, „ყოჩაღი ნუშისა“ და „მოხერხებული მიწისთხილის“ შემდეგ ბაზარზე ახალი პროდუქტი - „გიჟმაჟი პეკანის პასტა“ გამოჩნდა. როგორც კომპანია „ჭკვიანი თხილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ანდრიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს არის მხოლოდ პეკანისა (იგივე, ჩინური კაკალი) და ნატურალური მადაგასკარის ვანილისგან დამზადებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს პალმის ზეთს, კონსერვანტებს, შაქარსა და თაფლს.

ამასთან, „გიჟმაჟი პეკანი“, ისევე როგორც კომპანიის სხვა პროდუქტები, ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე ჯორჯიტას ქსელებში.

რაც შეეხება პროდუქტების ღირებულებას, 200 გრამიანი ქილების ფასი დაახლოებით, 16-დან 28 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, კომპანია „ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბრიდან გამოჩნდა. ეს არის ქართული თხილის, ასევე ქართული თაფლისა და იმპორტირებული ვანილისგან დამზადებული პასტა. კომპანია ჯამში უკვე 4 სახეობის პროდუქტს ამზადებს.

ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომლის დამფუძნებლები ნინო ანდრიაძე და მისი მეუღლე არიან.

25395905-388315241624508-4122571923054169845-n-1600438890.jpg

ნინო ანდრიაძე: „ახალი პროდუქტისთვის პეკანი გურიიდან ჩამოგვაქვს. ეს არის ყველასგან გამორჩეული პროდუქტი რადგან, არ შეიცავს არც პალმის ზეთს, არც კონსერვანტებს, არც შაქარსა და თაფლს. ის შედგება მხოლოდ პეკანისა და ნატურალური მადაგასკარის ვანილისგან. პროდუქტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს და ბევრი თაყვანისმცემელიც შეიძინა, იქიდან გამომდინარე, რომ პეკანის პასტა არის ძალიან უცხო და განსხვავებული გემოსი. რაც შეეხება ზოგადად ჩვენი პროდუქტების ფასებს, ქსელში საშუალოდ, 16-28 ლარამდე მერყეობს“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია საკუთარი საწარმოს აშენებას საკმაოდ დიდი ხანია ცდილობს, თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ეს არც ისე მარტივია.

„ჩვენ ვართ პატარა კომპანია და ბევრი რამე გვიშლის ხელს, რომ სწრაფად გავფართოვდეთ. მხოლოდ საკუთარი დანაზოგითა და ინვესტიციით ვცდილობთ კომპანიის გაზრდას. იმის გამო, რომ თბილისში ვართ რეგისტრირებული, არ გვეკუთვნის სხვადასხვა სახის დაფინანსება. შესაბამისად, საწარმოს აწყობა, მიუხედავად იმისა, რომ 3 წელია უკვე ვარსებობთ, არ არის მარტივი. თანდათანობით ვცდილობთ, რომ ყველა დანადგარი შევიძინოთ და საბოლოოდ, წარმოებას მივცეთ ისეთი სახე, რომ პროდუქტის ექსპორტზე გატანა შევძლოთ. ამ მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს“,-ამბობს ნინო ანდრიაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის დამფუძნებელი სულ მალე კიდევ ერთი ახალი პროდუქტის წარმოებას აანონსებს.

„სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ახლი პროდუქტი დავამატოთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იქნება გოგრის თესლზე ან მზესუმზირაზე დამზადებული. თუმცა, როგორ წავა საქმე და რა იქნება, წინასწარ თქმა რთულია, რადგან იგივე პანდემიას და მისგან გამოწვეულ სირთულეებსაც არავინ ელოდა“,-აცხადებს ნინო ანდრიაძე.

ნინი ქეთელაური