ჯანმო-ს წარმომადგენელი - სამედიცინო ნიღბები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე შეკერილი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, შეკერილი ნიღბების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ სამედიცინო ნიღბები ხელმისაწვდომი არ არის, ასევე შეკერილი ნიღბების ტარება გამართლებულია თუ სოციალური დისტანციის დაცვა არ ხდება და ადამიანს სამედიცინო ნიღაბი არ აქვს. ამის შესახებ განმარტება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ვასილი ესენამანოვმა ჟურნალისტებთან გამართული ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას გააკეთა.

მისი თქმით, სამედიცინო ნიღბის ეფექტურობა კორონავირუსის გავრცელების შემცირების თვალსაზრისით, მეცნიერულად დადასტურებულია.

„პირველ რიგში, პირბადეების გამოყენება არ უნდა იყოს ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება, ნიღბის ტარება შეიძლება იყოს ეფექტური მხოლოდ თავდაცვის ზომების ერთობლიობასთან ერთად, რომელთა შორის, არის ფიზიკური დისტანცირება, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, ხელების დამუშავება და ასევე, პირბადეების შესაბამისი წესით ტარება, რადგან ნიღბის წესების გაუთვალისწინებლად ტარება, ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორც ნიღაბი საერთოდ რომ არ ვატაროთ. არის სამედიცინო ნიღბები და შეკერილი ნიღბები. რაც ვიცით სამედიცინო ნიღბებზე არის ის, რომ მათ აქვთ მეცნიერულად დადასტურებული ეფექტი კორონავირუსის გავრცელების შემცირებაში. აქედან გამომდინარე, სამედიცინო ნიღბები ყველაზე მეტად არის რეკომენდებული სამედიცინო პერსონალის მხრიდან. ჩვენ სამედიცინო ნიღბების ტარების რეკომენდაციას განსაკუთრებით იმ შემთხვევებისთვის ვიძლევით, როდესაც 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია მაგრამ ასევე, პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, მაგალითად 60 წელს გადაჭარბებული ადამიანებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. რაც შეეხება შეკერილ ნიღბებს, ეს საკმაოდ სადავო საკითხია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეკერილ ნიღბებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევს რეკომენდაციას თუ სამედიცინო ნიღბები ხელმისაწვდომი არ არის და ასევე, ისეთ პირობებში, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება და ადამიანს სამედიცინო ნიღაბი არ აქვს. საქართველოზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ აქ სამედიცინო ნიღბების ნაკლებობა არ შეინიშნება და აქედან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია სამედიცინო ნიღბების გამოყენება. რა თქმა უნდა, სამედიცინო ნიღბები ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე შეკერილი,“- განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა.