“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
უგულავას თქმით, რეგიონში არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილზე, ჩემს წინ არის ხიდი და აქეთ არის უკვე აფხაზეთის მიწა. აქ მთავრდება განმუხური, აქ არის ბოლო ბლოკ-პოსტი და იქით უკვე დგანან რუსი მესაზღვრეები, რუსი ოკუპანტები, რომლებიც ყოფენ ჩვენ ქვეყანას და წარმოადგენენ აქ საფრთხეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ივანიშვილმა, რუსების დავალებით გააჩერა პორტის მშენებლობა. პორტი, რომელსაც უნდა დაესაქმებინა არამარტო ზუგდიდი, არამედ მთლიანი სამეგრელო და იმერეთიდან და გურიიდან უამრავი ჩვენი თანამოქალაქე. დღეს ამ პორტის მშენებლობა შეჩერებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, ეს არის მაამებლობა რუსეთისადმი და აუტანლობა ყველა განსხვავებულისადმი, რომელიც არ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, უნდა დავდოთ პირობა, რომ როგორც კი ივანიშვილს მოვიშორებთ, ავაშენებთ ამ პორტს და ეს პორტი იქნება სიმბოლო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი განვითარების და უამრავი სამუშაო ადგილის და ახალი პერსპექტივების გაჩენის. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს. ეს პორტი არ იყო მხოლოდ პორტი ამ ქვეყნისთვის, ეს იყო სიმბოლო განვითარების და გაერთიანების და ყველაფერი წინააღმდეგი იმის, რის წინააღმდეგაც დღეს გამოდის ბიძინა ივანიშვილი”, - განაცხადა გიგი უგულავამ.