ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ.
ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
- კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის საშუალება);
- კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;
- საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- კენჭისყრის შენობაში არ უნდა იქნეს დაშვებული კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე;
- კენჭისყრის შენობაში არ უნდა იქნეს დაშვებული კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ტემპერატურის შემოწმების გარეშე, გარდა ამომრჩევლისა;
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურები, სამუშაო მაგიდების და ა.შ.) სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია ყოველ 3 საათში ერთხელ და დაბინძურების შესაბამისად;
- კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს ამომრჩეველთა მიერ გამოყენებული საწერი კალმისტარებისთვის კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ უნდა მოათავსოს მის მიერ გამოყენებული კალმისტარი;
- ფარული კენჭისყრის კაბინები უნდა მოეწყოს შემდეგნაირად: კენჭისყრის კაბინა, ამომრჩევლისთვის შესასვლელი, ერთი მხრიდან გახსნილი დარჩეს და გახსნილი მხარე მიმართული იყოს კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით;
- ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველთა რეგისტრატორმა კომისიის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული კალმისტრით და ამავე კალმისტარით ისარგებლოს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას. ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარი უნდა განათავსოს კალმისტრებისათვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში;
- ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა უნდა მოახდინოს:
- ამომრჩეველთა შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში);
- თვალყური ადევნოს, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან;
- არ დაუშვას სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროებით შეაჩეროს კენჭისყრის ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლა.
-