ესპანეთში, მადრიდის რეგიონულმა მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ახალი ზომები ოფიციალურად გამოსცა, რომელთა თანახმადაც, გამონაკლისების გარდა, გარკვეულ რაიონებში გადაადგილება იზღუდება.
ადგილობრივი ჯანდაცვითი უწყების ინფორმაციით, ორშაბათიდან, მადრიდის რეგიონში მიმოსვლა იკრძალება 37 სხვადასხვა არეალზე და 8 მუნიციპალიტეტში.
„როიტერის“ ცნობით, აკრძალვა თავად დედაქალაქსა და მის გარშემო მდებარე რამდენიმე ქალაქში მცხოვრებ 850 000-მდე ადამიანს შეეხება.
ზომების ძალაში შესვლის შემდეგ, კარანტინში მოქცეულ ტერიტორიებში მოქალაქეებს შესვლა და გამოსვლა აღარ შეეძლებათ. გამონაკლისი ექიმთან ვიზიტს ან სკოლასა და სამსახურში სიარულს ეხება.
გარდა ამისა, იხურება პარკები და იკრძალება 6-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. ბარებსა და რესტორნებს მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით შეეძლებათ მუშაობის გაგრძელება.