გამოწვევები ძალიან ბევრია, მათ შორის, მაღაროელების ნაწილშიც. ყველას ძალიან კარგად გვესმის, გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოების პირობები უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობებიც უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ტყიბულის, როგორც ინდუსტრიული ქალაქის შენარჩუნებისთვის მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„საქართველოში ბევრი ქალაქი არ არის, რომელსაც ასეთი სწრაფი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი ჰქონდეს. თუმცა, გამოწვევები ძალიან ბევრია, მათ შორის, მაღაროელების ნაწილშიც. ყველას ძალიან კარგად გვესმის, გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოების პირობები უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობებიც უნდა იყოს დაცული. ბევრი ტრაგედია გვაქვს გადატანილი აქ ყველას ერთად. დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი „შრომის კოდექსი“ მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს წლების წინ არავის ახსოვდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ბალანსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ავა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არანაირ ბიზნესს და შემოსავალს ფასი არ ექნება, თუ ადამიანის ელემენტარული უსაფრთხოების პირობები არ დავიცავით. ეს იქნება თანმიმდევრული მიდგომა ვინც არ უნდა იყოს აქ, ტყიბულში, ვინც არ უნდა მუშაობდეს და რანაირი კომპანიაც არ უნდა იყოს. ეს არის ის მინიმალური პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. თუმცა, ეს არ გვაძლევს გარანტიებს, რომ ერთ წუთში ან ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება და უმაღლეს ევროპულ დონეზე გვექნება. თუ გვინდა ტყიბული, როგორც ინდუსტრიული ქალაქი შევინარჩუნოთ, ამ მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადავდგათ“, - განაცხადა გახარიამ.