საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში, რაც ყველამ ჩვენ უნდა გავიაზროთ და ერთად ვიშრომოთ ამისთვის, - ეს ყველამ ჩვენ უნდა გავიაზროთ და ერთად ვიშრომოთ ამისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტი, რაც მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევაა.
„ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ, ძირითად მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. განსაკუთრებით დღეს არის ეს პრობლემური, როდესაც პანდემიის კრიზისში ვართ და ეკონომიკური კრიზისიც დაგვეწია. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში და ეს ყველამ ჩვენ უნდა გავიაზროთ და ერთად ვიშრომოთ ამისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ტყიბულის მაგვარ ქალაქებში არის სისტემური ინფრასტრუქტურა. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ იყოს განსხვავება სად ცხოვრობს ადამიანი - თბილისში, ბათუმში, ტყიბულში, თერჯოლაში, ზუგდიდში თუ სხვაგან. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები და სერვისები ყველგან ერთიდაიგივე უნდა იყოს, სისტემური ინფრატსრუქტურა უნდა იყოს დაახლოებული ერთმანეთთან - გზები, წყალი, გაზი. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეულ სოფელსა და ქალაქში. ამისთვის ბევრი შრომა დაგვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდი ლარი, 4 წლის შემდგომაც ვერ მივა ევროპის დონეზე ჩვენი სისტემური ინფრასტრუქტურა.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ სკოლებია გასარემონტებელი, საბავშვო ბაღებია გასარემონტებელი. სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის პრობლემა, რომლის რეკონსტრუქცია დავიწყეთ და დამთავრდება ისევე, როგორც ქსელების რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ახლა დგება. გამწმენდი ნაგებობა როცა გვექნება, ტყიბულში 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა იყოს საბოლოოდ. როგორც კი მაგისტრალების და ჩქაროსნული გზების პრობლემა გადაწყდება, შიდა გზების პრობლემა დგება პრიორიტეტად. ასევე ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობები იმისათვის, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანამ უნდა მიაღწიოს სამართლიან, ეკონომიკურად ძლიერ და განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს.
„ეს ის მიზანია, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში უახლოეს პერიოდში მივუკაკუნოთ ევროპული ქვეყნების ოჯახის დიდ გაერთიანებას და ვთქვათ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ და საქართველო უკვე არის სრულად ევროპული ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული დემოკრატიის ხარისხი დავუდასტუროთ ყველას“, - განაცხადა გახარიამ.