გაიცანით 500 Startups-ის 5 ფინალისტი, რომელთაც „სილიკონ ველიზე“ ინვესტიციის მიღების შანსი აქვთ

ჩვენ გარშემო ყველას გვსმენია ერთი ადამიანის შესახებ მაინც, ვისაც სტარტაპი აქვს ან მასზე მუშაობას ახლა იწყებს.

დღეს, ბევრი ჩვენგანი ცდილობს, ჰობი და ცოდნა აქციოს საქმედ, რომელიც როგორც მისთვის, ისე საზოგადოებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება.

თუ ტელეფონში აპლიკაცია Phubber უკვე გადმოწერეთ და შოპინგისთვის ხშირადაც იყენებთ ან Google-ის საძიებო სისტემასთან ერთად, Stack-ითაც სარგებლობთ, მაშინ თქვენ წარმატებული ქართული სტარტაპების მომხმარებლები ხართ, რომლებიც კიდევ 3 პროექტთან ერთად, მსოფლიოს უმსხვილესი აქსელერატორის 500 Startups-ის პირველი ნაკადის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. პროექტის ფარგლებში გამოვლინდება კიდევ 5 სტარტაპი და საბოლოოდ, 10-დან შეირჩევა 2, რომელიც „სილიკონ ველიზე“ უცხოელ ინვესტორებს თავიანთ პროექტს გააცნობს და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საშუალება მიეცემა.

500 Startups-ის ტოპ 5-ეულში მოხვედრა, სტარტაპისთვის უკვე აღიარებას ნიშნავს, რადგან მის პორტფოლიოში გვხვდება მილიონობით დოლარის ბრუნვის მქონე კომპანიები, რომელთაც საქმიანობა მართლაც იდეითა და ინვესტიციის მოლოდინით დაიწყეს. 500 Startups „სილიკონ ველიზე“ დაარსებული სტარტაპ აქსელერატორია, რომელმაც უკვე 2 400-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტირება. მისი კაპიტალი კი დღეს, 600 მილიონ დოლარს აღემატება. აქსელერატორის პორტფოლიოში გვხვდება ისეთი კომპანიები, რომლებიც წლებია, მსოფლიო ბაზარზე წარმატებით ოპერირებენ და მათი ბრუნვა მილიონობით დოლარია. მაგალითად: Credit Karma, Canva, Ipsy, Udemy, Gitlab და სხვა.

უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი ჩვენს ქვეყანაში „საქართველოს ბანკისა“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის პროგრამა წლის დასაწყისში დაიწყო და ამჟამად პირველი ნაკადის აქსელერაციის პროგრამა ფინალურ ეტაპამდეა მისული.

პროგრამის ფარგლებში, 500 Startups -ის მიერ შერჩეული ტოპ 5-ეული ასეთია: Nextsale, Cargon, Cardeal, Phubber და Stack. ამ კომპანიებმა ინვესტიციები საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოიპოვეს.

თითოეულმა სტარტაპმა ფინალურ ეტაპამდე სხვადასხვა ტიპის სწავლება და მასტერკლასი გაიარა, რაც იდეების დახვეწაში დაეხმარათ. მათ საშუალება ჰქონდათ, წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებისგან მიეღოთ რჩევები და მეტი შეესწავლათ როგორ ტექნოლოგიების, ისე მენეჯმენტის, ფინანსების მართვისა და ბიზნესისთვის საჭირო სხვა სფეროების შესახებ.

ვინ არიან ფინალისტი სტარტაპერები?

Nexsale

სტარტაპის თანადამფუძნებელი ორჰან ჰაჯიევი გვიამბობს, რომ Nextsale ელექტრონული კომერციის პლატფორმებს კონვერსიისა და კონკრეტულ სეგმენტებზე გასვლაში ეხმარება. პლატფორმაზე ინტეგრირებულია ელექტრონული კომერციის ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Shopify, BigCommerce, WooCommerce და სხვა.

„ძირითადად, ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს, ონლაინ შოპინგი გაიმარტივონ და სასურველი პროდუქტი უფრო მოხერხებულად აარჩიონ“, - განმარტავს ორჰან ჰაჯიევი.

ორჰან ჰაჯიევთან ერთად, სტარტაპზე თალეჰ ქარიმლიმ და ვუსალ ორუჯოვმა იმუშავეს. როგორც ისინი განმარტავენ, Nextsale საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის შესახებ მეტი ინფორმაცია დროის უმოკლეს მონაკვეთში შეიტყო, რაც გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს.

Phubber

Phubber ონლაინ შოპინგის კიდევ ერთი პლატფორმაა, რომელიც ბაზარზე წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა და ათასობით მომხმარებელიც შეიძინა.

ანანო დოლაბერიძისა და გიორგი ჩუგოშვილის პარტნიორობით შექმნილი აპლიკაცია 100 000-ზე მეტ რეგისტრირებულ ნივთსა და 70 000 მომხმარებელს ითვლის. როგორც დამფუძნებლები განმარტავენ, აპლიკაცია შეიძლება, საქართველოში ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიად ჩაითვალოს.

სხვა სტარტაპების მსგავსად პროექტის ფარგლებში Phubber-მაც დახვეწა თავისი აპლიკაცია და მომხმარებლების მოზიდვის პროცესი უფრო დააჩქარა.

„ახლა სამჯერ უფრო სწრაფად ვიზრდებით, ვიდრე პროგრამის დაწყებამდე. ასევე, შევძელით, რომ უფრო მეტად შევინარჩუნოთ ახლად რეგისტრირებული მომხმარებლები. ყველაფერს ვაკეთებთ „სილიკონ ველიზე“ მოსახვედრად და ახალი ინვესტორების მოსაზიდად“, - განგვიმარტა გიორგი ჩუგოშვილმა.

Cargon

სტარტაპის თანადამფუძნებელი ვანო ჩალაძე გვიამბობს, რომ მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა, ტვირთის გადაზიდვა მაინც ბევრ დაბრკოლებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ სანდო გადამზიდი კომპანიის, დროისა და ტრანსპორტირების კონტროლის პრობლემა ერთი აპლიკაციით - Cargon-ით მოაგვარა. ვანო ჩალაძის, შალვა ჯალაბაძისა და ნიკო ტურაბელიძის იდეა 500 Startups-ის წარმომადგენლებმა დადებითაც შეაფასეს და 5 ფინალისტს შორისაც მოხვდნენ.

„გადაზიდვის პროცესები ბევრად უფრო სწრაფი და გამჭვირვალე ხდება ტექნოლოგიების გამოყენებით. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად იპოვნოს სასურველი ტარიფის მქონე გადამზიდი კომპანია. ამ ეტაპზე, Cargon 1 წელია რაც ბაზარზე ფუნცქიონირებს და უკვე საერთაშორისო ბაზარზეც გავედით“, - აღნიშნა ვანო ჩალაძემ.

Cardeal

ახალი ავტომობილის ხელსაყრელ ფასად შეძენა ხანგრძლივ და დამღლელ პროცესთან ასოცირდება. ამ დისკომფორტს კი მყიდველს Cardeal უგვარებს.

Cardeal.ge-ის თანადამფუძნებელი, ზურაბ ბაკურიძე განმარტავს, რომ პლატფორმა საერთაშორისო ავტო აუქციონების სავაჭრო პლატფორმაა, რომელზეც თვეში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილია წარმოდგენილი. საერთაშორისო მომწოდებლები კი ბანკები, სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიები არიან.

„რაც შეეხება ტექნიკურ გადაწყვეტას, ვებ-გვერდზე ინტეგრირებული გვაქვს პარალელური ბიდინგის ფუნქციონალი, სადაც მომხმარებელს Cardeal-ის ინტერფეისის გამოყენებით, საერთაშორისო აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლია“, - განმარტავს ზურაბ ბაკურიძე.

Stack

Stack – ეს არის ბრაუზერი მათთვის, ვინც ინტერნეტში ერთდროულად ბევრ აპლიკაციას იყენებს. მისი თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ ბრაუზერში მუშაობა გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე Google Chrome-ში.

„500 startups-თან ერთად აღმოვაჩინეთ ის სუსტი წერტილები, რომელიც პროდუქტსა და ბიზნესს ჰქონდა. ახლა საერთაშორისო მასშტაბით 30 000-მდე მომხმარებელი იყო. მათ შორის, იაპონიასა და სამხრეთ კორეაშიც. ახლა ვართ სწრაფად ზრდის ეტაპზე, რადგან პროდუქტმა გაიარა ვალიდაცია და ისღა დაგვრჩენია, რაც შეიძლება, სწრაფად მივწვდეთ მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა მან.

როგორ მოვხვდეთ 500 startups-ის მეორე ნაკადში?

პროგრამის მეორე ნაკადში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს:

https://ecosystems.500.co/500georgia/apply