2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან, - ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში, 2 880.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტია.
რაც შეეხება უმსხვილეს საექსპორტო და საიმპორტო ქვეყნებს, იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (296.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (284.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (266.0 მლნ. აშშ დოლარი). ამასთან, უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების პირველ სამეულში შედის: თურქეთი (840.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (554.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (440.9 მლნ. აშშ დოლარი).
„იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 462.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 260.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 145.5 მლნ. აშშ დოლარით (7.0 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 481.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 325.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 312.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.3 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.