თბილისის მერიის მიერ თემქის (ზღვისუბნის) ტყე-პარკის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში განცხადებების მიღების ვადა ამოიწურა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტყე-პარკის მოწყობის სურვილი ერთადერთმა კომპანიამ გამოთქვა. ზღვისუბნის მშენებლობა კომპანია „ენსისის“ სურს.
ცნობისათვის, თბილისის მერიის მიერ ზღვისუბნის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში განცხადებების მიღება 19 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 636 970 ლარს შეადგენს. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ერთადერთი პრეტენდენტი უბანს მერიის მიერ დასახელებულ თანხაზე 10 მილიონი ლარით ნაკლებად ააშენებს. შეთავაზებული თანხა 34 504 378 ლარია.
ამ ეტაპზე შერჩევა/შეფასების პროცედურა მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში, 2020-2021-2022 წლებში, ეტაპობრივად დაფინანსდება. თემქის ხევის ტყე-პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს - ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, კაფე, მედიათეკა, საბოსტნე ნაკვეთები, საფეხმავლო ხიდი, ძაღლების სასეირნო ადგილი და ა.შ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 760 დღეში უნდა დაასრულოს.