აჭარაში 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაში გიდები ეხმარებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

„გიდების დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და აჭარის გიდების ასოციაციის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ერთის მხრივ გიდების დასაქმებას, მეორეს მხრივ კი მთიანი აჭარის ტურისტულ ობიექტებში კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გიდების დროებითი დასაქმების პროექტის პირველ ეტაპზე გიდებმა კოვიდსტანდარტებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისტანციური სწავლება გაიარეს, რათა თავიანთი წვლილი შეეტანათ პანდემიის პირობებში აჭარაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში. მუნიციპალიტეტებში გასვლამდე მათ PCR ტესტირება ჩაუტარდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების დროებითი დასაქმების პროექტს გიდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის საწყისს ეტაპზე უწყებამ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით აჭარაში მოქმედ გიდებს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადასცა, ასევე უზრუნველყო მათთვის ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე. შემდგომ ეტაპზე, ისინი უკვე დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინფოტურებში, ასევე ქობულეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში ჩაერთვებიან“,- აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.